10 ფაქტი კაკას შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

10 ფაქტი კაკას შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

"მილანის" ისტორიაში შეგვიძლია სამი წარმატებული პერიოდი გამოვყოთ. პირველი ჯანი რივიეროს ეპოქა იყო, როდესაც იტალიურმა გუნდმა თავისი პირველი ორი "ჩემპონთა თასი" მოიგო.

მეორე არიგო საკის და მის შემცვლელად მოსული ფაბიო კაპელას დროს იყო, წინა ასწლეულის ბოლო პერიოდში.

მესამე, დიდებული "მილანის" ხილვა გულშემატკივრებს შეეძლოთ 21-ე საუკუნეში, როდესაც გუნდმა გრანდის სახელწოდება დაიბრუნა. ერთ-ერთი გამორჩეული და უნიჭიერესი ფეხბურთელი კარლო პაპას გუნდიდან რიკარდო კაკა გახლდათ. დიდებული ბრაზილიელი, რომელიც ხალხს აოცებდა თავისი ელეგანტურობითა და ჰაეროვნებით.

გთავაზობთ 10 ფაქტს თავმდაბალი გენიოსის შესახებ, რომელიც ბევრმა შეიძლება არ იცოდეთ:

 1.სახელი, რომლითაც მსოფლიომ გაიცნო

კაკას ძმა ჰყავს, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო და სხვადასხვა დროს იტალიაშიც ("რიმინში", "მილანში", "ლეჩესა" და "კროტონეშიც") უთამაშია. ბავშვობაში რიკარდოს ვერ ამბობდა და უფროს ძმას "კაკას" (Caca) ეძახდა. მოგვიანებით, რიკარდომ ამ სახელში მცირე ცვლილება შეიტანა და სამყაროს სამუდამოდ შემორჩა, როგორც - KAKA.

2. ლუჩანო მოჯის ისტორია

2003 წლის ზაფხულში "მილანში" გადასვლისას კაკა უკვე ცნობილი ტალანტი იყო. "სან პაულუში" კარგად თამაშობდა და 2002 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო. კაკას შესანიშნავი თვისებები "იუვენტუსის" მაშინდელმა მმართველმა ლუჩანო მოჯიმაც კარგად იცოდა, მაგრამ მას არასდროს უფიქრია ბრაზილიელის ტურინში მიწვევა.

"კაკას ყიდულობენ? მე ამას არ გავაკეთებდი. საშიშია ამგვარი სახელის საზოგადოებაში გამოფენა, რადგან თუ ცუდად ითამაშებს...", - ამბობდა მოჯი, რომელმაც კაკა სახელის გამო დაიწუნა.

3. გოლის აღნიშნვის ჟესტი

18 წლის ასაკში კაკა სამუდამო პარალიზების რისკის ქვეშ აღმოჩნდა.  2000 წლის ოქტომბერში აუზში ჩასვლისთანავე დაეცა და ხერხემლის მოტეხილობა მიიღო. ამის შემდეგ კაკას ყოველთვის სჯეროდა, რომ მაშინ ღმერთი დაეხმარა და უმძიმეს ტრავმას გადაურჩა, ამიტომ, ყოველი გოლის შემდეგ ხელებს ზეცისკენ მიმართავდა.

4. 2007 წლის "ოქროს ბურთი"

ბრაზილიელმა  2007 წელს  ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო, "ოქროს ბურთი" მოიგო. მაშინ კაკამ 444 ხმა მიიღო და კრიშტიანუ რონალდუსა (277) და ლიონელ მესის (255) აჯობა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, მესისა და რონალდუს გრძელვადიან დუელამდე, როდესაც "ოქროს ბურთი" სხვა ფეხბურთელმა მოიგო. კაკას შემდეგ სერია 2018 წელს ლუკა მოდრიჩმა დაარღვია.

5. შედარება სერეზოსთან

როდესაც კაკა "როსონერის" ნაწილი გახდა, მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ახალგაზრდა ბრაზილიელის შესაძლებლობებს კარგად არ იცნობდა, რაც წლების შემდეგ  თავად აღიარა.

"კაკას შესახებ პრესკონფერენციაზე მკითხეს, მაგრამ მე მისი თამაში არასდროს მენახა, ვიდეოზეც კი. აქედან გამომდინარე, ვთქვი, რომ ის კარგი ნახევარმცველი იყო, რომელსაც გამთამაშებლადაც თამაში შეეძლო, არც თუ ისე სწრაფი იყო, მაგრამ კარგი ტექნიკა ჰქონდა. მაშინ ვთქვი, რომ სერეზოს მაგონებდა, რომელიც ჩემი თანაგუნდელი იყო", - იხსენებს ანჩელოტი.

მას შემდეგ, რაც კარლომ კაკა საქმეში უშუალოდ ნახა, აზრი უმალვე შეიცვალა:

"ერთი ვარჯიშიც საკმარისი გამოდგა. გალიანის დავურეკე და ვუთხარი: "რომელი სერეზო, შენ ნამდვილი ჩემპიონი იყიდე!", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

6. უდიდესი რწმენა

რამდენიმე წლის წინ კაკამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეიძლებოდა ევანგელური პასტორი გამხდარიყო:

"ძალიან მომწონს, მაგრამ ძალიან მოთხოვნადი გზაა. თეოლოგიის შესწავლაა საჭირო, კურსების გავლა, ბიბლიის ცოდნის გაღრმავება. ევანგელური პასტორი გადმოცემს ბიბლიის წინასწარმეტყველებას, რაც დღევანდელ საზოგადოებაში ადვილი არაა", - თქვა კაკამ.

7. "ბარსელონას" წყენა

2015 წელს კაკამ ლიონელ მესის კარიერაში მხუთე "ოქროს ბურთი" გადასცა რის შემდეგაც ითქვა, რომ "ბარსელონა" უკმაყოფილო იყო ფიფას ამ ჟესტით და სურდა მესი სხვა ფეხბურთელს დაეჯილდოვებინა. ალბათ იმიტომ, რომ კაკა ადრე მადრიდის "რეალში" ოთხი სეზონი თამაშობდა.

8. ყვიითელი ბარათი სელფისთვის

2019 წლის ოქტომბერში კაკამ საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ფეხბურთის ისეთი ლეგენდები გამოდიოდნენ, როგორებიც ბებეტო, რობერტო კარლოსი და რონალდინიო იყვნენ. კაკა მსაჯმა, ლილია ასოლინმა გააფრთხილა. მაგრამ ყვითელი ბარათი რეალურად მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ მასთან ახლოს მისულიყო და სელფი გადაეღო.

9. განათლება

როცა მილანში პირველად ჩავიდა მისმა ჩაცმულობამ ბევრი გააკვირვა - ნაცრისფერი კოსტიუმი, წითელი ჰალსტუხი და სათვალე... ანჩელოტი ამბობდა: "მას მხოლოდ წიგნების საქაღალდე აკლდა".

წლების შემდეგ კაკა პრაქტიკულად დაუბრუნდა სტუდენტის როლს პრესტიჟულ ჰარვარდში ბიზნესის, სპორტისა და მედიის კურსები გაიარა.

10. მაგიური 22

ბრაზილიელმა ეს რიცხვი ძალიან მარტივად და უბრალოდ აირჩია: 22 აპრილს დაიბადა.

თავად კაკამ "მილანში" მეორე და ბოლო თავგადასავლის ბოლოს განაცხადა, რომ ამ ნომრით არცერთ სხვა გუნდში არასდროს ითამაშებდა.

"პატივისცემის ნიშნად დავტოვებ 22 ნომერს, ჩემი 22 სამუდამოდ დარჩება ექსკლუზიურად აქ, მილანში. ვფიქრობ, რომ ბრაზილიაში 8, ხოლო ამერიკაში 10 ნომრით ვითამაშებ".

4 თვის წინ
1274 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო